მთავრობის კანცელარიასთან კოვიდრეგულაციების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოიცავს — ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, სკოლებისა და ბაღების გახსნას, შშმ პირებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის მიცემას, იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც მათ მკურნალობას აფერხებს, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებას, სახელოვნებო სივრცეების გახსნას და საათობრივი შეზღუდვის შემცირებას.

აქციაზე, ასევე, იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

"სამწუხაროდ ჩვენ არ გვინახავს აზრიანი, შინაარსობრივად საღ აზრთან მყოფი ან ახსნა, ან დისკუსია ამ თემაზე. სამწუხაროდ, მივედით იმ ზღვრამდე, როდესაც ერთადერთი, რაც ხელისუფლებას ესმის, ეს არის ხალხის ხმა, ან შიში, რომ ბევრი ხალხია შეწუხებული. ტრანსპორტის პრობლემაა და აქ მხოლოდ მცირედი რაოდენობა არის იმ ხალხის, ვინც წუხს. ერთადერთი გზა, რომ ვაიძულოთ, ეს არის პროტესტი", — განაცხადა აქციაზე ელენე ხოშტარიამ.

ასევე, აქციაზე მყოფი გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, ყველა კოვიდშეზღუდვა უნდა მოიხსნას, რათა ქვეყანა ამუშავდეს და გადარჩეს.

24 იანვარს გამართულ აქციაზე მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნების გაჟღერებასთან ერთად, ხელისუფლებას დრო სამშაბათამდე მისცეს, რათა არსებული აკრძალვები გადაესინჯათ და შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლიდან დაეწყოთ.

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge