ჩვეულებრივი ქიმიკატები, სახელწოდებით ფტალატები, როგორც ჩანს, ჩვენს ჯანმრთელობასა და კაცობრიობის გამრავლების უნარზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ეს ქიმიკატები საკვების შეფუთვისთვის გამოიყენება. ის ასევე პლასტმასის და კოსმეტიკის პროდუქტებშიც აქტიურად გვხვდება.

ამაზე MT.Sinai-ს რეპროდუქციული ეპიდემოლოგი, შანა სვანი საუბრობს. მან ეს ჟურნალ The Intercept-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ფტალატების ქიმიკატებს კაცობრიობის მომავალზე სერიოზული გავლენა აქვთ.

სვანი ცნობილი მკვლევარია. ის იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც მამაკაცების სპერმის ხარისხის მკვეთრი შემცირება აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ "შემცირება" სულ რაღაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოხდა.

სვანი ახლა ფოკუსირებულია იმის გამორკვევაზე, თუ როგორ აზიანებენ ქიმიკატები, მათ შორის ფტალატები რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ასევე, ის ბავშვების ბიოლოგიურ განვითარებაზე მსგავსი ქიმიკატების ეფექტს იკვლევს.

სვანის თქმით, ეს ქიმიკატები ახალგაზრდა ბიჭებსა და გოგოებში ბიოლოგიურ განსხვავებებს ამცირებს. ის ხაზს უსვამს, რომ გენდერზე ქიმიური ზემოქმედების გამოხატულებების გამოკვლევა მხოლოდ ახლა იწყება, მაგრამ გარკვეული ტენდენციები უკვე შეინიშნება.

"ტვინის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც სქესობრივად დიმორფულია, უკავშირდება პატარა ასაკში ენის ათვისებას. ამ მხრივ მდედრობითი სქესი უპირატესობას ფლობს. ბავშვებს რომ დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, რომ პატარა გოგონები, საშუალოდ, უფრო მალე ითვისებენ სიტყვებს, ვიდრე ეს ბიჭებს შეუძლიათ. თუმცა, ბოლო დროს მსგავსი სხვაობა მცირდება და ეს დაკავშირებულია ფტალატების ქიმიკატებთან", — ამბობს სვონი.

სვონი უთითებს, რომ დროსთან ერთად, პრობლემა უფრო მწვავდება. ფტალატების ზემოქმედების შედეგი თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც მდგომარეობას სულ უფრო აუარესებს.

"სწორედ ამიტომ სპერმის ხარისხი სულ უფრო მცირდება, რაც პირდაპირ განაყოფიერებასთან არის დაკავშირებული. გამოდის, რომ ქიმიკატების ეფექტი, ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუისგან უკვე გადმოგვეცემა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალი თაობა, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგება", — გვაფრთხილებს სვონი.