კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.

"ამოგვივიდა ყელში და ყველა გავჩერდით. მთელი ტექნიკა გაჩერებულია და არ ვაპირებთ გაგრძელებას, იმიტომ, რომ მანამდე გვატყუეს, მოგიმატებთო [ხელფასებს], არ მოგვემატა. ნახევარს მოუმატეს, ნახევარს — არა. იგივე პოზიციაზე, იგივე ტრაქტორზე მუშაობენ და ნახევარს დაბალი ხელფასი აქვს, ნახევარს — მაღალი", — პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან.

"შეგვატყობინეს, რომ ხვალიდან ყველანაირი ხელშეკრულება გვიწყდება. სამსახურიდან, ფაქტობრივად, გაშვებული ვართ ხვალიდან", — ამბობს აქციის მონაწილე.

GWP-ში კი, აქციის მონაწილეებს ხელშეკრულებით დადებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა, მათი ვალდებულებები კი, კონკრეტული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, რომლის პირობებსაც, GWP-ს თანახმად, თავიანთი ქმედებებით არღვევენ.

"ერთი მხრივ ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად", — განმარტავენ GWP-ში.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, პროტესტი არ შეწყდება.