საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი უახლოეს ერთ კვირაში 4%-ს ჩამოცდება, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზე უნდა ისაუბრონ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი, ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი უახლოეს ერთ კვირაში 4%-ს ჩამოცდება, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზე უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზე, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს", — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სრული მართვა არ მოხდება, ყველა საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის "ჭორაობა და მეტი არაფერი". გახარიას განცხადებით, თუ არ იქნებიან "თანამიმდევრულები" და მხოლოდ სურვილებზე ისაუბრებენ, ეკონომიკა, მხოლოდ და მხოლოდ, დაზიანდება.