საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, დადებითობის მაჩვენებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5-დან 8%-მდე მერყეობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"ახლა არის ცავლებადად, აჭარაში გვაქვს 4%-ზე დაბალი, ხოლო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 8%-მდე [...] მხოლოდ და მხოლოდ, ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებელზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი ამოცანა, მიზანი და სურვილი არ არის, რომ გავართულოთ ჩვენი მოქალაქეების ისედაც საკმაოდ რთული ეკონომიკურ მდგომარეობა", — განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ თუ ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ეკონომიკის ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია. გახარიას განცხადებით, საბოლოო მიზანია, რომ "ბალანსის საშუალებით" ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, ამიტომ თუ ქვეყანაში და ცალკეულ რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, მათ მიერ წარმოდგენილი შეზღუდვების მოხსნის გეგმას დააჩქარებენ. მათ შორის, საუბარი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზე, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მისცემთ.