უკვე მეორე ღამეა ნიდერლანდებში მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. კომენდანტის საათის მიუხედავად აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა. დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცავების წინააღმდეგ ფოიერვერკს იყენებდა.

როგორც გამოცემა AP წერს, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციები იყო ამსტერდამში, როტერდამში, ამესფორტში და სხვა. დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

ფოტო: AP

ფოტო: AP

აქციები თავდაპირველად შეზღუდვების, კერძოდ კომენდანტის საათის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა შემდგომში დაპირისპირებასა და ვანდალიზმში გადაიზარდა. ჰოლანდიის პოლიციის შეფასებით, 24 იანვრის ღამის დაპირისპირება ბოლო 40 წლის ყველაზე ცუდი მღელვარებაა. პრემიერმინისტრამ მარკ რუტემ აღნიშნულ აქციებს კრიმინალი უწოდა.

"ეს მიუღებელია, ყველა ნორმალური ადამიანი ამას შეძრწუნებული შეხვდება. რაც არის ამ ადამიანების მოტივაცია, არაფერი აქვს საერთო პროტესტთან, ეს კრიმინალური ძალადობაა და ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით", — განაცხადა მან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიდერლანდებში კომენდანტის საათი პირველად დააწესეს: 21:00 საათიდან 04:30 საათამდე. ბარ-რესტორნები ოქტომბერში დაკეტეს, ხოლო სკოლები და მაღაზიები — დეკემბერში. კორონავირუსის ახალი შტამის საშიშროების გამო შეზღუდულია ფრენები დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან.