ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინფორმაციით, 2017 წლის 3 თებერვალს გაიმართა ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყელაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი.

სასამართლომ გ. მ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასჯელს დაემატა წინა დანაშაულისთვის (ქურდობა) გათვალისწინებული სასჯელი 3 წელი და საბოლოო სახედ და ზომად განისაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ზიზი შეყელაძის დედის ადვოკატის ციალა რატიანის განმარტებით, საქმეში სავარაუდო ტრანსფობიური სიძულვილის მოტივი, როგორც ბრალის დამამძიმებელი გარემოება, სათანადოდ არ გამოკვლეულა.

32 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 14 ოქტომბერს, ღამით, თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მას დანით მიყენებული ჭრილობები თავისა და კისრის არეში ჰქონდა. სასამართლო პროცესი 3-ჯერ გადაიდო.