პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იმისათვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი შეუფერხებლად ამუშავდეს, ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენის რესურსი. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახარიამ სწორედ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაცვის მოტივით ახსნა ის მდგომარეობა, რაც მიმდინარე პერიოდში ზამთრის კურორტებზეა.

"ჩვენ ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ რა ხდება ახლა ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომაროება, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ და მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება.

პარალელურად, მთის კურორტების წარმომადგენლები საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა დაგუგლონ და გაიგონ ინფორმაცია იმის შესახებ, გახსნილია თუ არა ზამთრის კურორტები ევროპაში.

ნახეთ რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში და რომლები უქმდება უახლოეს მომავალში: