ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისი განცხადების გამო, რომელიც ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხებოდა, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"მე ვერ გავიგე რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას, აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, რომ ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება არის ცუდი საზოგადოებისთვის, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ ცუდია მართლაც ეს საზოგადოებისთვის და იღებს ძალიან უსიამოვნო ფორმებს", — განაცხადა სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ. ბარამიძემ პალიტრანიუსის გადაცემა დღის ნიუსრუმში განაცხადა, რომ სამადაშვილმა და გოცირიძემ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

სალომე სამადაშვილმა ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრას ამაზრზენი უწოდა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა კი განაცხადა, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრას არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლება არ აქვს.

23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

25 იანვარს საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ფანგანს ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლა. პროკურატურა მისთვის გირაოს შეფარებას ითხოვს.

სამართალდამცველებმა ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებდა.

ამავე თემაზე: