BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერი ადამიანების მიღებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

"ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეები გენდერული იდენტობის საფუძველზე გათავისუფლებას ან განცალკევებას აღარ დაექვემდებარებიან", — განაცხადეს თეთრ სახლში.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წელს სამხედრო სამსახურში 8 980 ტრანსგენდერი სამხედრო მსახურობდა.

"პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ სამხედრო სამსახურისთვის გენდერული იდენტობა დაბრკოლება არ უნდა იყოს და რომ ამერიკის სიძლიერე მის მრავალფეროვნებაშია", — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის შესახებ 2017 წლის აგვისტოში დაანონსა.

აკრძალვა ძალაში 2019 წლის აპრილში შევიდა. ტრანსგენდერებს, რომლებიც უკვე სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ მსახურობის გაგრძელების ნება დართეს, ხოლო ახალწვეულებს — აუკრძალეს.

ჯო ბაიდენმა ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ პრეზიდენტად არჩევის პირველივე დღეებში დააანონსა. მან უკვე მოაწერა ხელი ბრძანებებს მექსიკის სასაზღვრო კედლის მშენებლობის შეჩერების, უპირატესად მუსულმანური ქვეყნებიდან მოგზაურთა აკრძალვის გაუქმებისა და რასობრივი სამართლიანობის გაუმჯობესების შესახებ.