ამერიკული მედიაგამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება, რომ HBO Max-მა ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობა დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ამჟამად WarnerMedia-სა და სტრიმინგ პლატფორმის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენიმე პოტენციური სცენარისტისა და რეჟისორის პროექტში ჩართვა განიხილება.

დიდი ხანია, ვრცელდებოდა ხმები, რომ სტრიმინგ პლატფორმა როულინგის შექმნილ ჯადოსნურ სამყაროზე სერიალის გადაღებას აპირებდა. როგორც ჩანს, პროექტი პრიორიტეტულ გეგმებში დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა, შესაბამისად, უცნობია, ვინ იმუშავებს ბლოკბასტერის სერიალად ქცევაზე ან ჰარი პოტერის საგის რომელ ნაწილს შეეხება იგი.

ჰარი პოტერი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. მსოფლიოში მისი ნახევარ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და თარგმნილია 87 ენაზე. ბრიტანელი მწერლის მიერ შექმნილი ფენტეზი სერია გადაიღეს რვა ფილმად, რომელთა საერთო შემოსავალმა $8 მილიარდს გადააჭარბა. ამასთან, გამოსულია სერიის თანმხლები ორი ფილმიც — ჯადოსნური არსებები და სად ვიპოვოთ ისინი და ჯადოსნური არსებები: გრინდელვალდის დანაშაულებანი. ხუთნაწილიანი სერიის მესამე ფილმის პრემიერა 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.