კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ის ჩანაწერები, რასაც უკვე გაეცნენ, მათ სასარგებლოდაა.

მშვენიერაძის მიერ გასაჯაროებული სატელეფონო ჩანაწერი 25 სექტემბრით თარიღდება. ადვოკატის თქმით, მელაშვილი, სავარაუდოდ, გივი კეკელიძეს ესაუბრება, რომელიც მელაშვილთან ერთად დელიმიტაციის კომისიაში იყო.

ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი ყვება, როგორი რუკების საფუძველზე ათანხმებდნენ საზღვრებს. როგორც მელაშვილი ამბობს, ის მონაკვეთები, სადაც სხვაობა არ იყო 1938 წლის რუკასა და მომდევნო წლებში გამოცემულ რუკებს შორის, შეთანხმებულია.

გარდა ამისა, მელაშვილი ყვება, რის საფუძველზე იქნა აღებული შეთანხმებისთვის 1938 წლის რუკაც.

გივი კეკელიძე: 38 წლის რუკა ავიღეთ იმიტომ, რომ ორმხრივი შეთანხმება იყო და, საერთოდ, თავიდანვე ისეთი ოქმი შევადგინეთ, რომ ის ავიღოთ საფუძვლად დოკუმენტი, რომელიც ორმხრივად დამოწმებულია, ხო?

ივერი მელაშვილი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ეს სუფთად სამართლებრივი მიდგომის გამო, ასე გადაწყდა. ძალიან არ უნდოდათ...

კეკელიძე: საიდან ავიღეთ, რომ ორივე შეთანხმებული უნდა იყოს, ხომ არ გახსოვს?

მელაშვილი: რაღაცა ხომ უნდა აგვეღო საფუძვლად და საფუძლად უნდა აღებულიყო შეთანხმებული საზღვრის ხაზი. ორმხრივად მორიგე რუკები კი არის გამოცემული, მაგრამ ორმხრივად შეთანხმებული საზღვარი არ გვაქვს. ადრე ჩვენმა პრეზიდიუმმა მოაწერა ხელი საზღვრის ხაზს, მაგრამ იმ მხარემ არ მოაწერა ხელი და ამიტომ დარჩა, ასე ვთქვათ, რაკი არ იყო ორმხრივად, ჩვენი კომისია ამას მიაწვა, რომ ორმხრივად შეთანხმებული არის მხოლოდ 1938 წელი.

ამ ჩანაწერში მელაშვილი და, სავარაუდოდ, კეკელიძე რუკებს შორის სხვაობასა და შეთანხმებულ მონაკვეთზე საუბრობენ.

მელაშვილი: სადაც სხვაობა არ იყო, ის მონაკვეთები შეითანხმეს, რა თქმა უნდა...

კეკელიძე: ჩვენ ახლა სად გვაქვს მანდ... ერისიმედთან გვქონდა სხვაობა, წითელ ხიდთან, კიდევ სად იყო, ივერი, ხომ არ გახსოვს?

მელაშვილი: არა, მაგი ჩამოთვლილია. დაახლოებით რამდენი მონაკვეთია იცი? 13-14 მონაკვეთია, სადაც სხვაობებია დაფიქსირებული დიდი. ერისიმედთან არ არის დაფიქსირებული სხვაობა. ერისიმედზე ვამბობთ, რომ ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აშენებული ის არის, რა, აშენებული სოფელი... გარეჯთან არა, როგორც იყო ფიქსაცია ქედზე, ისე არის იქაც. 1:100 000 რუკაზეც ასეა ფიქსაცია და სხვა რუკებზეც.

კეკელიძე: რატომ არ შეითანხმეს მაშინ?

მელაშვილი: ვინ?

კეკელიძე: აზერბაიჯანელებმა.

მელაშვილი: აზერბაიჯანელები გვეუბნებოდნენ შევითანხმოთ ისე, როგორც არის...

კეკელიძე: ჩვენ არ შევითანხმეთ.

მელაშვილი: ჩვენ არ შევითანხმეთ, კაცო, ახლა მაგი რომ შეითანხმო, ჩათვალე, რომ

კეკელიძე: მართალი ხარ, გაკრული ხარ ბოძზე.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ და სხვა ჩანაწერებში დასტურდება ის, რასაც ბრალდებულები და მისი ადვოკატები საჯაროდაც საუბრობენ. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, ადვოკატი აღნიშნავს, რომ არც მის სრულ ვარიანტშია რამე მელაშვილის საწინააღმდეგო.

"საუბრით პროკურატურის მხრიდან, რომ მათ მოიპოვეს ფარული აუდი-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნება მათი მხრიდან, ცოტა გაკვირვებულები ვართ. რას გულისხმობენ, ვერ ვხვდებით, რადგან ყველა ჩანაწერი, რაც აქამდე ვნახეთ ყოველ შემთხვევაში, არის ჩვენს სასარგებლოდ", — აღნიშნავს ადვოკატი.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ფარული ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა. უწყების განცხადებით, საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-იან და 1980-იან წლებში გამოცემულ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი მასშტაბის რუკებზე არსებულ საზღვრის ხაზს, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა. გარდა ამისა, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაუზუსტეს და ამბობენ, რომ ისინი ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

გამოძიების დაწყების დღიდან ივერი მელაშვილს საჯაროდ არაერთხელ უთქვამს, რომ მის დროს კომისია 1938 წელს დამტკიცებული და ხელმოწერილი რუკით, ასევე, 1942-43 წლებში გამოცემული რუკებით ხელმძღვანელობდა, რომელიც 1:100 000 მასშტაბისაა.