ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, წარმოუდგენლად მიაჩნია რომ რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო ნიკა მელიას მხრიდან იაგო ხვიჩიას მიმართ.

"წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პირდაპირ გეუბნებით, რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო ნიკა მელიას მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, თავად ნიკა მელიასაც ექნება იმის საშუალება, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი. თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ ასეთ სერიოზულ ბრალდებას, ბუნებრივია, რაღაც დასაბუთებაც სჭირდება. პოლიტიკური ჭორაობის სფეროში ნამდვილად, ჩემი აზრით, არ უნდა გადავიდეს ოპოზიცია", — განაცხადა ბოკუჩავამ TV პირველის ეთერში.

პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მას "ცუდი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია "დაემუქრა კიდეც". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ საჯაროდ ცდილობდა იმის დაზუსტებას, მელია მართლა დაემუქრა თუ მან "გაბრაზებულზე" იცის ასე ლაპარაკი.