ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის თქმით, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ. ბარამიძემ პალიტრანიუსის გადაცემა დღის ნიუსრუმში განაცხადა, რომ სამადაშვილმა და გოცირიძემ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

"ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. მე არ მივესალმები არც იმ ფორმას, რა ფორმითაც ჯელალ ქიქავამ მათ მოუწოდა ის, რაც მოუწოდა, ზომიერების მომხრე ვარ ამ შემთხვევაში. [სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე] ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები იყვნენ და არიან, მიუხედავად ამ შეცდომისა, თუმცა მათ ამ ქმედებას პატივს ვერ ვცემ. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბრბო ეძახეს ჩვენ ხალხს და თავს დაესხნენ ალალ მებრძოლებს, პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს", — განაცხადა ბარამიძემ პალიტრა ნიუსთან.

მისივე თქმით, აქტივისტების მხრებზე დგას პოლიტიკურად ყველა, ვისაც ლიდერი ჰქვია და ამბობს, რომ დაუშვებელია პარტიის ლიდერებმა მათ მხარდამჭერებს ბრბო უწოდონ.

ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრას ამაზრზენი უწოდა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა კი განაცხადა, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრას არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლება არ აქვს.

23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

სამართალდამცველებმა ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

25 იანვარს საქართველოს პროკურატურამ ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლა. უწყება მისთვის გირაოს შეფარებას ითხოვს.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებდა.

ამავე თემაზე: