პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მას "ცუდი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია "დაემუქრა კიდეც". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ საჯაროდ ცდილობდა იმის დაზუსტებას, მელია მართლა დაემუქრა თუ მან "გაბრაზებულზე" იცის ასე ლაპარაკი.

"დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა სამწუხაროდ, მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო: მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი?", — განაცხადა ხვიჩიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაეზუსტებინა მელია ესაუბრა თუ არა მას მუქარის შემცველი ტონით, ხვიჩიამ გაიმეორა, რომ მას ასე მოეჩვენა. მისი თქმით, თუ ეს მართლა მუქარა იყო, იგი მიმართავს პარლამენტს, რომ თავის დაცვის მიზნით, იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს.

"მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია, მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა, მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მინდა მივმართო პარლამენტს თუ ვისაც არ უნდა იყოს იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს. იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად [ვერ ვიქნები] და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს? ასეთი ადამიანი არა ვარ [...] უბრალოდ, რომ არ გამლახოს, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება [...] პარლამენტის წევრს მაქვს. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო [...] ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, ამიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებში გამოწვევით, თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია მაგით [...] მე მომეჩვენა, შეიძლება არ მემუქრებოდა", — თქვა მან.

მისი თქმით, მელიასთან სატელეფონო საუბრის დროს, მან გააკრიტიკა, როგორც ოპოზიცია, ასევე, ხელისუფლება და აღნიშნა, რომ მას არ სურს ქვეყანაში "პარლამენტარიზმის ჩაშლაზე" იყოს პასუხისმგებელი.

"ეს უნდა ორივე პარტიას, ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც. მე მინდა, რომ ქართველი ხალხი ზოგადად, არ მაბრალებდეს მე მომავალში პარლამენტარიზმის დაშლას და ამ ხალხმა იცოდეს, რომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ აქედან პარლამენტი გამოსულიყო. ყველას ველაპარაკებოდი, მაგრამ არ გამოიყვანეს პარლამენტი და იმ შენობაში, სადაც პარლამენტი არ არის, მე იქ ვერ ვივლი", — განაცხადა ხვიჩიამ.

On.ge დაუკავშირდა ნიკა მელიას, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ჩვენ მასთან დაკავშირება პრესსამსახურის მეშვეობითაც ვცადეთ, მაგრამ როგორც განგვიცხადეს, მელიას თავადაც ვერ უკავშირდებოდნენ.