საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ აქტივისტი, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს. პროკურატურა მისთვის გირაოს შეფარებას ითხოვს. მათივე ცნობით, ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით აქვს წარდგენილი.

"ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", — აცხადებენ პროკურატურაში.

23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

სამართალდამცველებმა ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებდა.

ამავე თემაზე: