საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოში შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომხსენებლების კრიტიკულ შენიშვნებზე განაცხადა, რომ 21-ე საუკუნე დეზინფორმაციის საუკუნე ხდება.

"მე მოვისმინე კოლეგებისგან, რომ ისინი საქართველოში არჩევნების ჩატარების ხარისხით უკმაყოფილოები არიან. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნე დეზინფორმაციის საუკუნე ხდება. ჩვენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი ვხდებით, რომელთა ნახვა ნაწილობრივ ინტერნეტშია შესაძლებელი. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არცერთი კანდიდატი დაკავებული არ იყო. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეს ყველაზე ცუდი არჩევნები იყო ისტორიის განმავლობაში, აღვნიშნავ, რომ ასეთმა ორგანიზაციამ ტექნიკური მიზეზებით, თვენახევრის წინ, აღნიშნული განცხადება უარყო. ამიტომ ესენიც არ უნდა დაგვავიწყდეს", — განაცხადა კუჭავამ PACE-ში სიტყვით გამოსვლისას.

მან, ასევე, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების დაფინანსებაზე გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მათთვისაც განსაკუთრებული ყურადღების საგანია. კუჭავას თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დაფინანსების საკითხის მოწესრიგების კუთხით რეკომენდაციებზე მუშაობენ, რომლებსაც ისინი ელოდებიან.

ევროსაბჭოში საქართველოში შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით უცხოელი დეპუტატების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. დელეგატებმა არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თითქმის არავის სჯერა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. ხაზი გაუსვეს, აგრეთვე, ქვეყანაში არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

საქართველოს დელეგაციას, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქართული ოცნების წევრი კახა კუჭავა ხელმძღვანელობს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს, 25 იანვარს გაიხსნა და მთელ კვირას გასტანს. პირველივე სხდომაზე პირველ საკითხად საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს.