ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრმა, ნინო წილოსანმა, ოპოზიციაზე განაცხადა, რომ სასაცილოა რევოლუციურ სცენარზე საუბარი, როცა გარკვეული პერიოდი "თავი საცივში" ჰქონდათ ჩადებული.

"გარკვეული პერიოდი საცივში რომ გქონდა თავი ჩადებული და შემდგომ უკვე ინდივიდუალურად ადასტურებ ამოყავი თუ არა თავი საცივიდან, შემდგომ რევოლუციურ სცენარზე საუბრობ, ეს ერთი მხრივ, ძალიან სასაცილოდ და არასერიოზულად ჩანს და ზუსტად ვიცი, სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დაარქმევს და აუცილებლად იქნება აღკვეთილი ნებისმიერი მცდელობა დესტაბილიზაციის და ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების. თუმცა მეორე — ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანებს არ დარჩენიათ რადიკალიზმის მიღმა არანაირი შესაძლებლობა, მოვიდნენ ხელისუფლებაში", — განაცხადა წილოსანმა.

23 იანვარს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადება. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ "თოხებითა და ნაჯახებით გამოვა ხალხი", მაგრამ მმართველი გუნდი ძალაუფლებას არ დათმობს, რევოლუციაც არის ერთ-ერთი გზა.