სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა განაცხადა, რომ ზოგადი შეფასებით საქართველოში შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებში არჩევანის ძირითადი თავისუფლება და პრინციპები დაცული იყო. თუმცა სიტყვის გამოსვლისას ჰოლანდიელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ იყო დარღვევებიც.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები იყო. არჩევნებს [კორონავირუსის პანდემიის გამო] შეზღუდული რესურსით ვაკვირდებოდით, თუმცა ჩვენი საქმე მაინც შევასრულეთ", — განაცხადა კოქსმა PACE-ს ზამთრის სესიაზე.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოლიტიკური კლიმატი, როგორც არჩევნებამდე, ასევე, არჩევნებისას და დღემდე დაძაბული რჩება.

"პარლამენტი არასრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. ჩვენ მოვუწოდეთ პარტიებს ბოიკოტისგან თავი შეეკავებინათ. აგრეთვე, მოვუწოდებთ მთავრობას არჩევნების ჩატარებაზე შესული ყველა საჩივარი განიხილოს და პარტიები თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ მოიწვიოს", — განაცხადა კოქსმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს, 25 იანვარს გაიხსნა და მთელ კვირას გასტანს. პირველივე სხდომაზე პირველ საკითხად საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს.