რამდენად ხშირად თვრებიან ადამიანები ისე, რომ წონასწორობას კარგავენ და ენა ერევათ — სწორედ ამას შეისწავლიდა კვლევა, რომელმაც სიის მოწინავე ადგილებზე ინგლისელები და შოტლანდიელები დაასახელა.

ნარკოდამოკიდებულების საერთაშორისო გამოკითხვის (GDS) 2020 წლის შედეგები მიუთითებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ალკოჰოლის მოხმარება ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე საშიშია. ქვეყანაში 25 წლამდე ახალგაზრდების 5 პროცენტს დათრობის შემდეგ ერთხელ მაინც მიუმართავს სტაციონარული დაწესებულებისათვის; ეს მაშინ, როცა მსოფლიოში მსგავსი მონაცემის საშუალო 2 პროცენტია. მეტი თვალსაჩინოებისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ალკოჰოლის მიღების შემდგომ საავადმყოფოსადმი მიმართვიანობა უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში დასახელებული სხვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდეგ, გარდა ჰეროინისა. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის მოხმარება უფრო გავრცელებულია — ქვეყნის მოსახლეობის 94 პროცენტი აღიარებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში დამათრობელი სასმელი მიუღია, ჰეროინის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 2,3 პროცენტს უტოლდება.

კვლევის ფარგლებში, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე (შესაბამისად, მონაცემი პანდემიისშემდგომ სიტუაციას არ ასახავს) მსოფლიოში 110 ათასი ადამიანი გამოიკითხა.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები დიდწილად დაემთხვა წინა წლის მონაცემებს, წლეულს დაკონკრეტდა, რას გულისხმობდა სიმთვრალე. მონაწილეებს ჰკითხეს, რამდენჯერ ყოფილა ალკოჰოლის მოხმარებისას ისეთი შემთხვევა, როცა მათი "ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ წონასწორობის დაცვასა და საუბრის სტილზე მოახდინა გავლენა — შეუძლებელი იყო რაიმე საკითხზე ფოკუსირება, მათი ქცევები და საუბარი კი გარშემომყოფებისგან მკვეთრად გამორჩეული იყო".

შოტლანდიასა და ინგლისში გამოკითხულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ასეთი შემთხვევა გასულ წელს, საშუალოდ, 33-ჯერ იყო. ეს მონაცემი კი ყველაზე მაღალია კვლევაში მონაწილე 25 ქვეყანას შორის და ორჯერ აღემატება რამდენიმე ევროპული ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის, უნგრეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის, მაჩვენებელს. მსოფლიოში მონაცემის საშუალო არის 20, ყველაზე დაბალი რიცხვით, 6,5-ით კი კოლუმბიელები არიან წარმოდგენილები.

გამოკითხვაში მონაწილე შოტლანდიელებისა და ინგლისელების მხოლოდ 7 პროცენტმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში "არ დამთვრალან". ამაზე დაბალი მონაცემი — 5 პროცენტი — მხოლოდ დანიელებსა და ავსტრალიელებს ჰქონდათ.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ დათრობის გამო ინგლისელებს ყველაზე ნაკლებად ქენჯნით სინდისი. მსოფლიოში, საშუალოდ, 32,8 პროცენტმა აღიარა, რომ დათრობას ნანობდნენ. ინგლისში ეს მონაცემი 31 პროცენტს, შოტლანდიაში კი 33,8-ს უტოლდება. ამ შემთხვევაშიც, გამორჩეულია კოლუმბია — 88,3 პროცენტით.

კვლევის ანგარიშში მოხსენიებულია, რომ შედეგები განსაკუთრებით საგანგაშოა.

"იმის გათვალისწინებით, რომ დათრობა ხალხის უმეტესობისათვის ნებაყოფლობითი აქტივობაა, გამაოცებელია, რომ შემთხვევების მესამედი სინანულით სრულდება. ჩვენი წინა კვლევა მიუთითებდა, რომ დათრობისას ადამიანების დიდი ნაწილი მთელი კვირისთვის გამოყოფილ საზრდოს ერთიანად მოიხმარდა, შემდგომში კი ეს იწვევდა ტრავმას, უბედურ შემთხვევებსა და იმუნური სისტემის დაქვეითებას (რაც განსაკუთრებით საფრთხილოა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში).

საგულისხმოა პანდემიაც — იმავე ინსტიტუტის სხვა კვლევით ცნობილი ხდება, რომ ბრიტანელების 48 პროცენტი პანდემიის დაწყების შემდეგ უფრო მეტს სვამდა, ვიდრე მანამდე.

კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის ვარაუდით, ბრიტანელები, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სასმელი მეტწილად სოციალური აქტივობის ნაწილია, ალკოჰოლის მოხმარებას კულტურულ იდენტობად აღიქვამენ. გამოკითხვის ორგანიზატორები ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაამკაცროს შეზღუდვები ალკოჰოლის მოხმარებაზე და დააწესონ მინიმალური ფასი მათრობელ პროდუქტებზე.