სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ Flydubai ფრენებს მიმდინარე წლის 28 იანვრიდან განაახლებს, ხოლო Air Arabia — 30 იანვრიდან. სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თებერვალში, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს შეასრულებს.

მათივე ინფორმაციით, ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • დუბაი - თბილისი, ჩამოფრენა 15:50 (ადგილობრივი დრო);
  • თბილისი - დუბაი, გაფრენა 16:50 (ადგილობრივი დრო).

რაც შეეხება Air Arabia-ს, თებერვალში, შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. ავიარეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • შარჯა - თბილისი, ჩამოფრენა 14:20 (ადგილობრივი დრო);
    თბილისი - შარჯა, გაფრენა 15:10 (ადგილობრივი დრო).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიებს წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭეს.

ავიაკომპანია Flydubai საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა, Air Arabia — 2014 წელს.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო. თავდაპირველად ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბრიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, ასევე, განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა). მათივე თქმით, გარდა ამისა, დაინიშნა მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკისა და თელ ავივის მიმართულებებით.