ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 27-28 იანვარს იმსჯელებს, ხოლო კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება.

"საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ განცხადებებს, ამ ვადის შესაბამისად, 27 და 28 იანვარს. შემდეგ წარედგინება ბიუროს რეგლამენტის თანახმად, აქედან გამომდინარე 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "რეგლამენტის ყველა რესურსი ბოლო წუთამდე" მიიყვანეს ისე, რომ ოპოზიციას მაქსიმალური დრო ჰქონოდა და კანონიც დაეცვათ.

"სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე ჩვენ ვატარებთ ზეგ და მაზეგ საკომიტეტო სხდომებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ისე, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთვის უკვე დადგება საკითხი მათი უფლებამოსილების შესახებ", — განაცხადა მან.

მდინარაძის განმარტებით, პარლამენტის 2 წევრს მოთხოვნა მანდატების გაუქმებაზე სხვებზე ადრე ჰქონდათ შეტანილი, ამიტომ კომიტეტის სხდომა ორ სხვადასხვა დღესაა ჩანიშნული.

"ესენი არიან შალვა ნათელაშვილი და ხაბეიშვილი. მათ ჰქონდათ შემოტანილი უფრო ადრე, ერთი დღით, ვიდრე დანარჩენებს. შესაბამისად, 27-ში, დღის განმავლობაში არის ის ბოლო ვადა, როდესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს ვალდებულება, განიხილოს საკითხი. ამიტომ 27-ში საღამოს განიხილება მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკომიტეტო დონეზე.

28-ში განიხილება ყველა დანარჩენის. მათ ძირითად ნაწილს აქვს მეორე დღეს, ანუ ხაბეიშვილის და ნათელაშვილის განცხადებებიდან მეორე დღეს შემოტანილი. 28-ში საღამოს განიხილება მათი საკითხი", — განაცხადა მან.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ უარი თქვეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი. მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაიმართება.

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრების პარლამენტში შესვლის შემდეგ, მხოლოდ მოქალაქეებისა და გირჩის წევრები ამბობდნენ უარს საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მანამ, სანამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.