NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო დადებითად — 50 პროცენტი.

2019 წლის ნოემბრის შემდეგ დადებითი შეფასების მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია, ხოლო უარყოფითი შეფასების — შემცირებული.

ფოტო: NDI

მთავრობის საქმიანობის ყველაზე უარყოფითი შეფასება თბილისშია. გარდა ამისა, როგორც კვლევიდან ჩანს, ქართული ოცნების მხარდამჭერებში მთავრობის საქმიანობას უარყოფით შეფასებას აძლევს 7 პროცენტი, ხოლო ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებში — 78 პროცენტი.

ფოტო: NDI

რაც შეეხება პრემიერის საქმიანობას, NDI-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 46 პროცენტი მის საქმიანობას კარგად აფასებს, საშუალოდ — 31 პროცენტი, ცუდად — 14 პროცენტი.

ფოტო: NDI

NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.