ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმ ადამიანის დაკავება, ვინც ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, შერჩევითი სამართალია. აღსანიშნავია, რომ სამადაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის ნაგვის დაყრის ფაქტი გააკრიტიკა. ირაკლი ფანგანის დაკავებას ის Facebook-ზე გამოეხმაურა.

"შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ "კანონიერების" პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად", — წერს სამადაშვილი Facebook-ზე.

გუშინ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტი, ამას სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და ამაზრზენი უწოდა.

"ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება", — წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო. მალევე, ალტერნატივას წარმომადგენელი, ირაკლი ფანგანი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.

ამავე თემაზე: