ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს აბორიგენი მოსახლეობის ლიდერები და უფლებამდამცველები ჰააგაში უჩივიან. ისინი ითხოვენ, სასამართლომ გამოიძიოს ბოლსონარუს მხრიდან ადგილობრივების უფლებების დარღვევის ფაქტები და მის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელსაც "ეკოციდი" შეიძლება ეწოდოს.

უილიამ ბურდონი, პარიზში მცხოვრები იურისტი, რომელმაც სასამართლოს, ბოლსონარუს საქმიანობის წინასწარი გამოძიების თხოვნით მიმართა, ამბობს, რომ "საქმის განხილვა საჩქაროა. თუ ამაზონის ტყეების განადგურების სისწრაფეს გავითვალისწინებთ, ყოველი წამი მნიშვნელოვანია".

მას შემდეგ, რაც ბოლსონარუ მმართველობაში მოვიდა, ამაზონის რეგიონის გაუდაბურება 50 %-ით აჩქარდა და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, მიწებთან დაკავშირებული კონფლიქტების გამო გასულ წელს მინიმუმ 18 ადამიანი მოკლეს. გარემოსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე ჯარიმები კი 42%-ით შემსუბუქდა.

68-გვერდიან ანგარიშზე აშშ-დან, ბრაზილიიიდან და საფრანგეთითან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და იურისტები მუშაობდნენ. რეპორტში მოცემულია აბორიგენების ლიდერების მკვლელობის საქმეები, ჯგუფების ძალადობრივად გადაადგილება და შევიწროება, რასაც "კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის" კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს.

საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ადგილობრივი ჯგუფის, კაიაპოს ლიდერი 91 წლის რაონი მეტუკტირეა. ის უკვე მრავალი წელია საუბრობს ბოლსონარუს პოლიტიკის სავალალო შედეგებზე. მისი თქმით, მთავრობამ კორონავირუსის პანდემია აბორიგენი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა.

რაონი მეტუკტირე, კაიაპოს ხალხის ლიდერი უკვე მრავალი წელია, ამაზონის ტყეებისა და ადგილობრივების კულტურის გადასარჩენად იბრძვის

ფოტო: Nicolas Tucat/AFP/Getty Images

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2002 წელს დაარსდა და მის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, 2016 წელს ჰააგის სასამართლომ საქმიანობის მასშტაბი გააფართოვა და ამჟამად გარემოს თუ კულტურის წინაშე ჩადენილ ფართომასშტაბიან დანაშაულსაც განიხილავს.