რუსეთში, ხაბაროვსკის მხარის პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის და რეგიონის ყოფილ გუბერნატორ სერგეი ფურგალას პოლიტიკური პატიმრები უწოდა. მოხსენება, რომელშიც საუბარია დაკავებულების განყოფილებაში გადაყვანაზე, ხაბაროვსკში ნავალნის შტაბმა გამოაქვეყნა.

"მოგახსენებთ, რომ ჩემ მიერ სამორიგეო განყოფილებაში გადმოყვანილია მოქალაქე [...], რომელიც არის სახელისუფლებო ორგანოების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით და პოლიტიკური პატიმრების, ფურგალასა და ნავალნის მხარდასაჭერად მსვლელობის ფორმით გამართული შეუთანხმებელი საჯარო ღონისძიების მონაწილე. დაკავებულმა დაარღვია საჯარო ღონისძიების გამართვის დაწესებული წესრიგი", — აღნიშნულია მოხსენებაში.

გუშინ რუსეთის ბევრ ქალაქში გაიმართა აქციები ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებს "ომონი" ძალის გამოყენებით აკავებდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ჯამში დაკავებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი.

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ის ძებნაში იყო.

მას დილამდე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია და არც დარეკვის უფლება მისცეს. მისი სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა, რაც მოულოდნელი იყო თვითონ ნავალნისთვისაც. სასამართლოს პარალელურად მხარდამჭერები პოლიციის შენობის გარშემო შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამვლის შემდეგ გერმანიაში ცხოვრობდა. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.