საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცერემონიის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან — სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი.

უწყებაში ამბობენ, რომ ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.