ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ არ მოსწონს როცა ვინმეს ნაგავს აყრიან, მაგრამ "ესმის ადამიანების მრისხნება". მისი აზრით, საზოგადოება ცდება, როცა ჰგონია, რომ მხოლოდ ფეისბუქში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით დაამარცხენებენ "ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს.".

"არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ "ხელისუფლებამ" საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა — ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ "ხელისუფლებას" გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ", — წერს ის ფეისბუქზე.

მელიასგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს პარტიის წევრებმა, რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა. მათ დაგმეს მომხდარი და საქციელი სამარცხვინოდ შეაფასეს.

დღეს, 23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა.

როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

"რომ შემოვტრიალდი და დამხვდა შვილიშვილის ტოლა ბავშვი, მივხვდი, რომ ახლა იმაზე ხელის გასვრა არ შეიძლებოდა და მე საჯარო პირი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება. ეს ზუსტად მოქალაქეებისა და ნაციონალური მოძრაობის სახეს აჩვენებს, როგორ უნდათ მათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მართონ", — განაცხადა ჩავლეიშვილმა On.ge-სთან.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.

ამავე თემაზე: