ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე სამარცხვინოს უწოდებს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როცა უმაღლესი საბჭოს წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.

"რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი", — წერს გოცირიძე ფეისბუქზე.

დღეს, 23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა.

როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

"რომ შემოვტრიალდი და დამხვდა შვილიშვილის ტოლა ბავშვი, მივხვდი, რომ ახლა იმაზე ხელის გასვრა არ შეიძლებოდა და მე საჯარო პირი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება. ეს ზუსტად მოქალაქეებისა და ნაციონალური მოძრაობის სახეს აჩვენებს, როგორ უნდათ მათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მართონ", — განაცხადა ჩავლეიშვილმა On.ge-სთან.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.

ამავე თემაზე: