ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა გია ვოლსკის ინიციატივით გაუქმდა. აღნიშნული პოსტი თვითონ გია ვოლსკის ეკავა.

როგორც მდინარაძემ იმედის ეთერში თქვა, პოლიტსაბჭოს პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე კვლავ გია ვოლსკი შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.

"გიამ დააყენა საკითხი, რომ საერთოდ ეს პოზიცია ხომ არ გავაუქმოთ, რადგან ეს სცდება ერთი ადამიანის კონკრეტული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებს სცდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ყველას საქმე, გულწრფელად გიყვებით, რომ ეს არის გიას მიერ დაყენებული საკითხი", — აღნიშნა მდინარაძემ.

დღეს, 23 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად, მამუკა მდინარაძე დაინიშნა. რაც შეეხება სამდივნოს სხვა წევრებს, ისინი უცვლელი დარჩა:

  • გენერალური მდივანი — კახა კალაძე;
  • პოლიტიკური მდივანი — ირაკლი ღარიბაშვილი;
  • საერთაშორისო მდივანი — კახა კუჭავა;
  • რეგიონული მდივანი — დიმიტრი სამხარაძე.