სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება. ბათუმის დღევანდელ ინციდენტს ის ფეისბუქზე გამოეხმაურა.

"გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!" — წერს სახალხო დამცველი.

დღეს, 23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა.

როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

"რომ შემოვტრიალდი და დამხვდა შვილიშვილის ტოლა ბავშვი, მივხვდი, რომ ახლა იმაზე ხელის გასვრა არ შეიძლებოდა და მე საჯარო პირი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება. ეს ზუსტად მოქალაქეებისა და ნაციონალური მოძრაობის სახეს აჩვენებს, როგორ უნდათ მათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მართონ", — განაცხადა ჩავლეიშვილმა On.ge-სთან.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.