ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრზე თავდასხმის ფორმა მიუღებელია. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია აღშფოთება და ბრაზი და ამ ხალხის შერცხვენა უფლება კი არა, ვალდებულებაც კი შეიძლება რომ იყოს. ოღონდ, აქ ძალიან მკაფიო ხაზია ძალადობასა და სიტყვიერ შეფასებას შორის. ესთეტიურ ამბავიც არის, ნაგვის დაყრა და რაღაცები, დამატებითი ფაქტორია, მაგრამ ტესტი არის ძალადობა", — აცხადებს ბოკერია.

დღეს, 23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა.

როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

"რომ შემოვტრიალდი და დამხვდა შვილიშვილის ტოლა ბავშვი, მივხვდი, რომ ახლა იმაზე ხელის გასვრა არ შეიძლებოდა და მე საჯარო პირი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება. ეს ზუსტად მოქალაქეებისა და ნაციონალური მოძრაობის სახეს აჩვენებს, როგორ უნდათ მათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მართონ", — განაცხადა ჩავლეიშვილმა On.ge-სთან.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.