სამოქალაქო აქტივისტებმა მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას დაკავება აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მათ რურუას დაკავების ადგილას საბჭოთა მილიციის მანქანა მიიყვანეს და შესაბამისი ფორმები ჩაიცვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუას ცოლი, სოფო სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ეს პერფორმანსი ასახავს, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება.

როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, ეს მანქანა და ფორმები დღევანდელი პოლიციის სიმბოლოა.

"ყველას კარგად გვახსოვდეს, რომ იარაღის ჩადება და პოლიტიკური დავალებების შესრულება, არის საბჭოთა მილიციის ტრადიცია და არ შეეფერება თანამედროვე საქართველოს", — ამბობს ხოშტარია მთავარ არხთან.

ფოტო: ელენე ხოშტარია / Facebook

ფოტო: ელენე ხოშტარია / Facebook

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს, თუმცა მმართველი პარტია ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.