მთავრობის მიერ შეზღუდვების გახანგრძლივების გამო მოქალაქეებმა თბილისსა და ბათუმში აქციები გამართეს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი თებერვლიდან შეზღუდვები აჭარაში მსუბუქდება, ეს არ შეეხო ფიტნესდარბაზებს, რესტორნებსა და ზოგიერთ ბიზნესსაქმიანობას. რეფორმერფიტნესის მფლობელი, რომელიც დაუმორჩილებლობის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, ამბობს, რომ მოსახლეობას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.

"ჩვენ არ იმიტომ კი არ შევიკრიბეთ, ჩვენი ფიტნესკლუბი რატომ არ იხსნება ამ კითხვის დასასმელად, ზოგადად, რატომ არ იხსნება ქვეყანა პირველი თებერვლიდან. რას ემსახურება ეს ყველაფერი? დღეს ციფრებს დავწევთ, ავწევთ და მერე ჩაგკეტავთ და როდემდე უნდა ვიყოთ ამ მონურ მდგომარეობაში?" — ამბობს რეფორმერფიტნესის მფლობელი, გიორგი ფუტკარაძე.

მისივე თქმით, ჯარიმის შემდეგ ფიტნესკლუბი დალუქულია და ერთადერთი რის უფლებასაც აძლევენ, ყვავილების მორწყვაა.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის მერიასთან. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებსა და მოქალაქეებს ჯაჭვი ჰქონდათ შებმული და გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტეს. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ფოტო: მამუკა ჯუღელი

საპროტესტო გამოსვლები იგეგმება ხვალ, 24 იანვარსაც. პოლიტიკოსები ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე აქციას გამართავენ კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. გარდა ამისა, მზიურის პარკში სკოლების გახსნის მოთხოვნით აქციას მოაწყობენ მშობლებიც.