ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიციის" გარდა, თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან ჰქონდათ კომუნიკაცია. მან არ დააკონკრეტა, რა ფორმატში მოხდა ეს კომუნიკაცია.

"თუმცა აქვე დამატებითი კითხვა რომ არ გაჩნდეს, რასაც ისინი ერთმანეთს კადრებენ, მოსყიდვას რომ აბრალებენ ერთმანეთს, სხვადასხვა დროს სხვადასხვას, ახლა ელისაშვილზე გადავიდნენ, მანამდე ვაშაძეს აბრალებდნენ, მანამდე გირჩზე ჰქონდათ აქცენტი. მსგავსი ტიპის კომუნიკაცია, შემიძლია პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არ შემდგარა. არავის უკადრებია თავისი თავისთვის არც მმართველი გუნდიდან და არც ოპოზიციური სუბიექტისთვის, რომ რაღაც ისეთი შეთავაზებები ყოფილიყო, რომელიც არალეგიტიმურია", — განაცხადა მდინარაძემ.

22 იანვარს პარლამენტში ქართული ოცნების და პარტია მოქალაქეების ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, განმარტებით, მათ სურდათ გაერკვიათ, აპირებდა თუ არა მმართველი პარტია კომპრომისზე წასვლას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას. მისი თქმით, დეტალურად განიხილეს ოთხივე პუნქტი, რასაც ჯერ კიდევ ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებისას ითხოვდნენ.

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრების პარლამენტში შესვლის შემდეგ, მხოლოდ მოქალაქეებისა და გირჩის წევრები ამბობდნენ უარს საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მანამ, სანამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი.