შეზღუდვების გახანგრძლივების გამო არსებულ კრიტიკაზე ქართული ოცნების ახალი აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მონობის ნარატივი "მოდაში შემოიტანეს". მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებების გაკეთება შეურაცხყოფაა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართაც.

"მოდაში შემოიტანეს ეს მონობის ნარატივი. შეზღუდვა თითქოს მონობაა და გერმანელი ავსტრიელი, ბრიტანელი და ევროპელი მეგობრების მიმართაც შეურაცხყოფაა და არ იაზრებენ ასეთ მესიჯებს როცა ახმოვანებენ, რომ იმ ხალხსაც, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებსაც, გარკევული შეზღუდვები აქვთ. შეზღუდვას თუ დაემორჩილები ეს თუ მონობაა, ამაზე სპეკულაციური მესიჯი არ შეიძლება ადამიანის მხრიდან მოფიქრებული იყოს", — აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, შეზღუდვებმა გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა და მმართველ გუნდში მათი დაწესება ან გამკაცრება არავის უხარია.

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა მათი დიდი ნაწილი დატოვა. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება. კერძოდ, ქალაქების ნაწილში პირველი თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ნაწილში კი პირველი მარტიდან, ნაწილში სწავლა დისტანციურად რჩება, ზოგან კი სკოლებში დაიწყება.

შეზღუდვების გახანგრძლივების გამო თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები პირველ რიგში სკოლების გახსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მოითხოვენ.