რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქცია "თავისუფლება ნავალნის!" დაიწყო. აქცია არასანქცირებულია, პოლიცია კი მომიტინგეებს ძალის გამოყენებით შლის და აკავებს.

აქციები სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე იწყება. გამოსვლები 100-მდე ქალაქშია დაანონსებული. საპროტესტო გამოსვლები უკვე დაიწყო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში.

ვლადივოსტოკში მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყვეს. როგორც ადგილობრივი ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, ქუჩაში ასობით მოქალაქეა გასული.

ქალაქ ხაბაროვსკის ცენტრში ათასამდე მოქალაქე გავიდა.

ფოტო: TASS

ფოტო: TASS

იაკუტსკში კი -50 გრადუსზე მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში გაიარეს.

ფოტო: Yakutia.Info

როგორც ტელეკომპანია Rain წერს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში უკვე გამოჩნდა სპეცტექნიკა.

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ის ძებნაშია.

მას დილამდე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია და არც დარეკვის უფლება მისცეს. მისი სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა, რაც მოულოდნელი იყო თვითონ ნავალნისთვისაც. სასამართლოს პარალელურად მხარდამჭერები პოლიციის შენობის გარშემო შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამვლის შემდეგ გერმანიაში ცხოვრობდა. აგვისტოში ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი სასწრაფოდ დაუშვეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.