აშშ-ს სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა 8 თებერვლის კვირაში დაიწყება. ამის შესახებ სენატში დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

ამ ორი კვირის განმავლობაში სენატს დრო ექნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კაბინეტში წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცოს და საკანონმდებლო მუშაობა განახორციელოს.

პროცესის გადაწევა რესპუბლიკური პარტიის უმცირესობის ლიდერმა, სენატორმა მიტჩ მაკკონელმა ითხოვა, რათა ტრამპის ადვოკატებს მომზადებისთვის მეტი დრო ჰქონოდათ. ამასთან, ბრალდების მხარეს წარმომადგენელთა პალატის წევრები იქნებიან.

დონალდ ტრამპს კონგრესის ქვედა პალატაში იმპიჩმენტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. დემოკრატიული პარტიის წევრები და ტრამპის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ სწორედ მისმა განცხადებებმა წაახალისა თავდასხმა.

დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. წინა შემთხვევის დროს ის სენატში გაამართლეს, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენდა. ამჟამად სენატში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გადანაწილება 50/50-ზეა, თუმცა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, დემოკრატებს 51 ხმა ექნებათ.

თუ სენატი დონალდ ტრამპს საბოლოოდ იმპიჩმენტს გამოუცხადებს, მას სახელმწიფო თანამდებობისთვის ბრძოლა აეკრძალება.