ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

"შსს, ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი — გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ასე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი "ოპრიჩნიკი" პოლიცია", — წერს უგულავა.

პოლიტიკოსმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა აღნიშნული საქმე შეისწავლოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.