პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მისალოცი წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ახალი გზების დასახვისთვის, მათი შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

"დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და ჩვენ მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თქვენი ფასდაუდებელი დახმარება ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმეს მომენტებში", — აცხადებს გიორგი გახარია.

ოფიციალურ წერილში პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო მზადაა ყოველთვის მხარში დაუდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორს:

"ერთად, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელს მსოფლიოში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო მხარემ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და აღნიშნავს, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაღრმავებას ამ არსებითად მნიშვნელოვან სფეროში.