სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით გლდანის #8 და ქუთაისის #2 საპატიმრო დაწესებულებებში 7 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ #8 დაწესებულებაში 3-ს, #4-ში კი 4 პატიმარს ტესტზე დადებითი პასუხი აქვს.

მათი განცხადებით, გლდანის #8 დაწესებულებაში ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი — სხვა.

"სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას", — აცხადებენ ისინი.

რაც შეეხება ქუთაისის #2 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, უწყების განცხადებით, ისინი 12 იანვარს კოვიდდადასტურებული პირის კონტაქტები იყვნენ და ამ დროიდან საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

"ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ", — აცახდებენ უწყებაში.

მათივე განცხადებით, სირცუეა ინფორმაცია იმაზე, რომ #2 დაწესებულების ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.