გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ზეგ, 24 იანვარს საპროტესტო აქციას გეგმავენ. მისი თქმით, იდეა რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად მოუვიდა და ხვალ განიხილავენ რა ფორმით ჩაივლის პროტესტი.

"უბრალოდ, ფორმა არის მოსაფიქრებელი და ამ ფორმაზე გვექნება ხვალ დილით მსჯელობა. ეს განსხვავებული უნდა იყოს. ეს არ იქნება რაღაცა მიტინგი და არ იქნება მიკროფონებში პოლიტიკოსების გამოსვლა", — განაცხადა მან.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გამოხატოს პროტესტი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს.

"შეიძლება შენ დღეს არ დაგიკარგავს სამსახური და რაღაცა შემოსავალი გაქვს, მაგრამ რო შეგიმცირა, უნდა იცოდე იმის გამო შეგიმცირა, რომ სხვებს დედა ეტირა ყველას და ფული აღარ არის. უნდა გამოხვიდე და შენც უნდა გააპროტესტო. [...]

უნდა გამოვიდნენ, ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდნენ. თუ არ გამოვიდნენ [საკმარისი რაოდენობის ადამიანები], მაშინ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთო, თუ არ გამოვლენ, კიდევ ერთხელ უნდა გააკეთო. უნდა ელაპარაკო და გააგებინო ადამიანებს, რომ, საბოლოო ჯამში, მათზე არის დამოკიდებული", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

დამატებით დეტალებზე ჯაფარიძეს არ უსაუბრია და განაცხადა, რომ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

არსებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად თბილისსა და ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორი მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას; ბაღების, სკოლებისა და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ.

გაიგეთ მეტი: