დათა პაპას შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მასზე ზეწოლას ახდენდა და უკან რომ დაბრუნდეს, მოკლავენ. მისი თქმით, საქართველოზე შეგინებას აიძლებდნენ და ასე თუ არ მოიქცეოდა, სცემდნენ ან მოკლავდნენ.

"მე მინდა, რომ საქართველოში ვიყო და საქართველოში ვიცხოვრო ჩემს მეუღლესთან ერთად. [...] შევეხვეწები, მოვთხოვ მთავრობას, რომ იქნება რაღაცა უბრალოდ თავშესაფარი..." — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მალხაზ ვანიშვილი საოკუპაციო რეჟიმს გამოექცა. მან მავთულხლართები გადმოკვეთა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.

როგორც დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი ამბობს, რამდენიმე თვის წინ შვილიშვილი თავის ცოლთან ერთად მათ მოსავლელად გადავიდა. ცოლი ოკუპანტებმა 17 დეკემბერს დააბრუნეს. ის ორსულადაა და მალხაზ ვანიშვილი შვილს ელოდება.

"აქ რომ გადმოვედით პაპა-ბაბოსთან, ცოლიც გამიგზავნეს, ამაზეც ვინერვიულე. ცოლ-შვილის გარეშე როგორ ვიცხოვრო? ჯერ არ გვეყოლა, მაგრამ ამ თვის ბოლოს უნდა გვეყოლოს და მაგათ გარეშე როგორ ვიცოცხლო? მაწუხებენ აქ, სიმართლე რომ გითხრა. რომ გამიგონ, არ შემომივარდნენ არაფერი არ მიქნან. ქართველებს შეაგინეო ოსურადო, რუსებიც აქ არიანო, უარი თქვიო საქართველოზეო. ვიდეო გადაიღეს, ტელეფონით გადაიღეს ეგ. მეშინია უკვე აქ ცხოვრება", — განაცხადა მალხაზ ვანიშვილმა.

ვანიშვილების სახლი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, მავთულხლართებიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის ის მკვიდრია, ვინც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტება საერთაშორისო ვიზიტორებს. ის არ აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტება და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვა სცადა.