პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მისი პარტიული სიით პარლამენტში შესულ წევრებს კვლვავინდებურად სცემს პატივს. ამავდროულად, ის ამბობს, რომ ახალი პარტიის შექმნაზე არ იცოდა, თორემ უფრო "გაბედულად" ილაპარაკებდა და გაკვირვებულია იმით, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ფრიდონ ინჯია არჩევნების გაყალბებაზე თამამად არ საუბრობს.

"ჩვენი პარტიიდან ვინც კი წავიდა, ყველა ადამიანთან ჩვენ გვაქვს ძალიან ნორმალური და პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობა. ამ ადამიანებსაც იმავე რეჟიმში ვცემ პატივს, როგორც ვცემდი ადრე.

სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცოდი, რომ პარტიას ქმნიდნენ, გეუბნებით გულახდილად. ძალიან სამწუხაროა, რომ არ ვიცოდი. კარგი იქნებოდა რომ მცოდნოდა და მე უფრო გაბედულად გავაკეთებდი მაშინ კომენტარებს", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ინაშვილი ყვება, რომ ინჯია აღშფოთებულოი იყო გაყალბების იმ მასშტაბით, რომელიც იყო სამეგრელოში და მისთვის უცნაურია, რომ "კობახიძე ძერჟინსკისთან" რამდენიმედღიანი ურთერთობის შემდეგ მან აზრი შეიცვალა.

4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს მან მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტში შევიდა. პატრიოტთა ალიანსის ის დეპუტატები კი, რომელთაც უარი თქვეს მანდატებზე, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ჩაანაცვლეს.

როგორც ფრიდონ ინჯიამ შემდეგ განმარტა, პარლამენტში შესვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ოპონირება" გაეწიათ ქართული ოცნებისთვის. დეპუტატმა მაშინვე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან ერთად ისინი პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას ევროპელ სოციალისტებს წარადგენენ.

იმის გამო, რომ პატრიოტთა ალიანსი შეფასებულია, როგორც პრორუსული იდეების მატარებელ ორგანიზაციად, არაერთი კითხვა დაისვა მისი აწ უკვე ყოფილი წევრების საგარეო კურსის ხედვებზე. ზილფმიანი აღნიშნავდა, რომ პროდასავლურობაზე მასთან შეჯიბრი არ მოეწყოთ და თავის ბიოგრაფიაზე მიანიშნებდა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის "რუსული შემადგენელი" არ შესულა. 5 იანვარს ქართულმა ოცნებამ უცხოელ პარტნიორებს საინფორმაციო ბიულეტენიც გაუგზავნა, სადაც განმარტავდა, რომ პარლამენტში პროევროპული პარტია შევიდა.