ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის და იმას, რაც ქვეყანაში ხდება "ოპოზიციის ჭიჭყინს" არქმევს.

პალიტრანიუსის ეთერში სუბარმა განაცხადა, რომ ტერმინს, პოლიტიკური კრიზისი, მსოფლიოში სხვა დატვირთვა აქვს და საქართველოში იგი სხვანაირად ესმით. სუბარმა განმარტა, როგორია კლასიკური პოლიტიკური კრიზისი მისი გაგებით.

"ჩვეულებრივ, პოლიტიკური კრიზისია, როცა არჩევნების შემდეგ პარტიები უმრავლესობას ვერ ქმნიან, მთავრობას ვერ აყალიბებენ, რამდენიმე თვე გრძლდება ეს მოლაპარაკებები ერთმანეთში მთავრობის გარეშე და ბოლოს იძულებული ხდებიან დანიშნონ ახალი არჩევნები", — ამბობს სუბარი.

იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ამ განმარტებას არ შეესაბამება. სუბარი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი პარტია მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში.

"საქართველოში არის მყარი უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტში ამ წუთში ორი პარტია უშუალოდ მოქმედებს. ისე, 14 პარტიას აქვს გადალახული. პარლამენტში არის 14 პოლიტიკური პარტია შესული ამ წუთში. ვინ დადის, ვინ არ დადის, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ჯერჯერობით დადის ერთი ოპოზიციური პარტია, ხვალ შეიძლება ორმა, სამმა, ხუთმა იაროს. ეგ არ ვიცით როგორ მოხდება. წინა პარლამენტიც, პრაქტიკულად, ასე იყო. ნახევარზე მეტი სხდომები არ უვლია მაშინდელ ოპოზიციას, თუმცა პარლამენტი იყო ჩვეულებრივად ქმედუნარიანი და არანაირ პოლიტიკურ კრიზისს არ ჰქონია ადგილი", — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ჰქვია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, სუბარმა უპასუხა, რომ ეს არის "ოპოზიციის ჭიჭყინი".

"ოპოზიციის ჭიჭყინი — სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მე ამას. მათ უნდათ, რომ სანამ არ გაიმარჯვებენ, მუდმივად იყოს განმეორებითი არჩევნები. ან პირდაპირ, გამარჯვებულმა პარტიამ გადასცეს გამარჯვების მანდატი მათ. ასე არ მოხდება, ვერ მოხდება და არ ხდება არსად. ეს არის ანა-ბანა", — აცხადებს სოზარ სუბარი.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ უარი თქვეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი. მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაიმართება.