NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს მათ მოწოდებას რუსეთი საერთაშორისო სამართალს დაექვემდებაროს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთი საერთაშორისო სამართალს დაექვემდებაროს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს", — განაცხადა სტოლტენბერგმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან უსაფრთხო კომუნიკაციის, საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერებასა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელ პირებთან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის საქმეზე 21 იანვარს გამოაცხადა. დიდმა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა.

კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა.

სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 17 მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:

  • სიცოცხლის უფლება;
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
  • საკუთრების დაცვა;
  • განათლების უფლება;
  • მიმოსვლის თავისუფლება.