ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

"ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, ასევე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადსახვა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა გამოიწვევს ყველგან გაუარესებას, რადგან მობილობა გაიზრდება.

"საქალაქთაშორისო ტრასნპორტი პირველ რიგში არის რეგიონებს შორის მობილობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და ასე ვთქვათ, კონტრიბუტორი. იმის გათვალისწინებით, რომ წერტილოვნად ვუდგებით, ისევე, როგორც მსოფლიოში, სხვადსახვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობითაც ეპიდემიოლოგიური მდგრომარეობა სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება", — განაცხადა მან.

ცქიტიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მუდმივად შეაფასებენ და თუ იქნება გაუმჯობესება, შეზღუდვები ისევ შემსუბუქდება.

"კერძოდ, თუ, როგორც აჭარაში, შვიდი დღის ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი არ იქნება 4%-ზე მეტი, გვექნება საშუალება გავაგრძელოთ შემსუბუქების წერტილოვანი სტრატეგია. [...]

სხვა ქალაქებში, რადგან გვქონდა უკეთესი ვითარება, ვიდრე გვაქვს თბილისში, ქუთაისში ან რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ შევძელით, რომ პირველი თებერვლიდან გავხსნათ სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტებიც", — განაცხადა მან.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს ნათია თურანავს, მისი თქმით, კარგად ესმით ზამთრის კურორტების წარმომადგენლების "დიდი პრეტენზია" და "გასაჭირი", თუმცა თავის დროზე რომ არ დაეკეტათ კურორტები, ინფიცირების მაღალ გავრცელებას მიიღებდნენ და უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოუწევდათ.

"თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, მეტწილად, ზამთრის კურორტები დღეს არ ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ ეს [გახსნის] გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს", — განაცხადა მან.

საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა. შეზღუდვების სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება.

გაიგეთ მეტი: