პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები ღია სივრცეში მოხმარებლის მიღებას შეძლებენ, ოღონდ მხოლოდ სამუშაო დღეებში. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს ხდება იმის გათვალისწინებით რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1 თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა.

კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებს", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შაბათ-კვირას ისინი ისევ დისტანციურად იმუშავებენ.

"გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით", — აცხადებენ მთავრობაში.

ცქიტიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მუდმივად შეაფასებენ და თუ იქნება გაუმჯობესება, შეზღუდვები ისევ შემსუბუქდება.

"კერძოდ, თუ, როგორც აჭარაში, შვიდი დღის ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი არ იქნება 4%-ზე მეტი, გვექნება საშუალება გავაგრძელოთ შემსუბუქების წერტილოვანი სტრატეგია. [...]

სხვა ქალაქებში, რადგან გვქონდა უკეთესი ვითარება, ვიდრე გვაქვს თბილისში, ქუთაისში ან რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ შევძელით, რომ პირველი თებერვლიდან გავხსნათ სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტებიც", — განაცხადა მან.

საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა მათი დიდი ნაწილი დატოვა. შეზღუდვების სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება.

გაიგეთ მეტი: