"ყველა ირჩევს საკუთარ გზას პოლიტიკაში და, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ ინდივიდუალურად. ახლა რა შედეგებს მოიტანს ეს შეხვედრა, მგონი, ამას საზოგადოება განსჯის", — ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზააალ უდუმაშვილი მოქალაქეების ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შეხვედრას ქართული ოცნების წევრებთან.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის სხვა წევრები არ განიხილავენ მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.

"ერთადერთი ფორმატი, რომელიც არსებობს დღეს ქართულ ოცნებასთან სასაუბროდ, ეს არის ჩვენი მეგობარი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები. სხვა ფორმარტი ოპოზიციაში ქართულ ოცნებასთან სალაპარაკოდ არ განიხილება", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მოქალაქეებსა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება შედგება.

"სავარაუდოდ, იქით მიდის საქმე, რომ რაღაცა შეთანხმება მათ შორის შედგება, ისე არ დაიწყებოდა ეს საუბარი", — აღნიშნა მან.

პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მზაობა გამოთქვეს მმართველ პარტიასთან შეხვედრისთვის, მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდა.

ელისაშვილის თქმით, მათ აინტერესებთ მოლაპარაკებების ოთხ მთავარ საკითხზე როგორი მზაობა აქვს ქართულ ოცნებას:

"ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენთში შესვლას. განსკაუთრებიტ იცით, რომ პრიორიტეტია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება".

21 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ დაასრულა ოპოზიციასთან "მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც" და მზად არიან ქართულ ოცნებასთან დასალაპარაკებლად.

აქამდე მოქალაქეები და გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავდნენ. იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ ორივე პარტიის ლიდერები, გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.

ლელოს წევრის, საბა ბუაძე განცხადებით, პარტია საერთო ოპოზიციური ფორმატის მიღმა, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ გეგმავს.

გირჩსა და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებზე 18 იანვარს, საჯაროდ თქვა უარი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისი ერთ-ერთი არგუმენტიც, ბუაძის მსგავსად, იყო ის, რომ ოპოზიციამ შეთანხმებას საერთო ფორმატში უნდა მიაღწიოს და არა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე.

მოქალაქეებისა და გირჩის ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.