ლას–ვეგასის უძრავი ქონების მაგნატი და კოსმოსური სადგურის მოდულის სტარტაპის Bigelow Aerospace–ის აღმასრულებელი დირექტორი — რობერტ ბიგელოუ გამოყოფს 1 მილიონ დოლარს, პრიზის სახით, ადამიანისთვის, რომელიც წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ "ადამიანის სხეულის პერმანენტული სიკვდილის შემდეგ, კვლავ გრძელდება სიცოცხლე და ადამიანის ცნობიერი გადარჩება", — წერს New York Times.

მილიარდერმა, რომელიც უცხოპლანეტელებითაც იყო დაინტერესებული, ცოტა ხნის წინ დააარსა ბიგელოუს ცნობიერების შემსწავლელი ინსტიტუტი, რათა სიკვდილის შემდგომი "სიცოცხლის" შესაძლებლობა იკვლიოს.

ინსტიტუტის საშუალებით, ბიგელოუ ახალ კონკურსს სთავაზობს ადამიანებს, მათ შეუძლიათ წარმოადგინონ მტკიცებულებები, მიიღონ პრიზი და ამავდროულად, დაეხმარონ კვლევებს.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ 25 000-მდე სიტყვისგან შემდგარი მასალა 1 აგვისტომდე. ხოლო შემდეგ, სპეციალისტთაგან შემდგარი მსაჯების კოლეგია აირჩევს გამარჯვებულს.

ნაწილობრივ, ბიგელოუ შთაგონებულია ჯორჯ ანდერსონისგან, ადამიანისგან, რომელსაც რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე. ანდერსონმა მსგავს თემებზე წიგნების წერა, მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა შვილმა და შვილიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, 1992 და 2011 წლებში.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მისი აზრით ანდერსონს კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ბიგელოუს პასუხი მარტივი იყო: "სინამდვილეში არა", — უთხრა ბიგელოუმ Times-ს და დასძინა: "მაგრამ, მე როცა ვკითხულობდი მის წიგნს, ვფიქრობდი, რომ სულები არსებობენ".

აღსანიშნავია, რომ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლესთან დაკავშირებული ნარატივები და ჩვენი წარმოდგენები უძველესი დროიდან თუ სხვადასხვა რელიგიებიდან იღებს სათავეს. თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ამ საკითხზე, ობიექტური რეალობა სხვა რამეზე მიანიშნებს — არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ სიკვდილის შემდეგ, ცნობიერ ფორმაში, სიცოცხლის გაგრძელება შესაძლებელია.